ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი".
ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დაძლევის მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო, მეორე ნაწილის გადმორიცხვა კი 2021 წლის ბოლოს უნდა მოხდეს.
23 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოში შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, საქართველოში რეფორმების მნიშვნელობაზე ელაპარაკა.
"მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით".- თქვა შარლ მიშელმა.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით "ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია".
„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში, მოსალოდნელთან შედარებით, დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ ქართულ ოცნება მოქმედებს, ერთი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. დანარჩენს გადაწყვეტენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე.
მისივე განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს არ იქნება სანქცია და რომ სანქციებზე ლაპარაკი იქნება "სრული სპეკულაცია".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, აშშ-ის ელჩთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორი იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. შეთანხმებული დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
ქართულმა ოცნებამ ასევე არ შეასრულა შეთანხმება, რომ შეჩერდებოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე სასამართლოში უვადოდ "ანულირებამდე" აირჩია.
ირაკლი კობახიძე კი კვლავ იმეორებს, რომ მათ რეფორმებზე უარი არ უთქვამთ, შეთანხმებიდან გასვლა "ერთადერთი გამოსავალი იყო".
„ჩვენ ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც აღიარა ეუთო/ოდირმა, როგორც კონკურენტული და თავისუფალი, ეს იყო მისი შეფასება. ასეთად აღიარებული არჩევნების მიუხედავად, ოპოზიცია გადავიდა საბოტაჟის რეჟიმზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვქონდა ამის, ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას. ამის შემდეგ გადის 100 დღე და ოპოზიციის დიდი ნაწილი - 8-დან 4 ბარიერგადალახული პარტია და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, კვლავ არ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ რეალურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ დროს ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იყო შეთანხმების ანულირება.
რაც შეეხება მოსამართლეების არჩევის საკითხს, ეს მოხდა თავიდან ბოლომდე 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესაბამის მოლაპარაკებებში". - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.